რუსეთი

"ერთიანი რუსეთის" დეპუტატმა საავადმყოფოს 15 წლის წინ ვადაგასული სასუნთქი აპარატები აჩუქა

Getty Images

რუსეთის ქალაქ ვლადიმირის პროკურატურამ ფედერალურ გამომძიებლებს მიმართა თხოვნით შეესწავლათ ქალაქის საავადმყოფოში ვადაგასული სამედიცინო აპარატურის მოხვედრის საკითხი. ქალაქის ნომერ მეექვსე საავადმყოფოში 6 მილიონი რუბლის ($78,420) ღირებულების 50 სასუნთქი აპარატი მიიღეს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადა 15 წლის წინ გაუვიდა. აუდიტმა გამოავლინა, რომ აპარატებს არ მოჰყვათ შესაბამისი დოკუმენტაცია და სერთიფიკატები. აპარატებს არ ჩატარებიათ შემოწმება და საჭირო შეკეთება.

ოფიციალური ინფორმაცია ვადაგასული აპარატების მიმწოდებლის თაობაზე არ ვრცელდება, თუმცა ვებგვერდ ProVladimir-ზე 15 აპრილს დაიწერა, რომ საავადმყოფოს აპარატები რუსეთის დუმის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის დეპუტატმა, მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წევრმა, გრიგორი ანიკეევმა, გადასცა.

6 აპრილს, ანიკეევის საქველმოქმედო ჯგუფმა "მოწყალება და წესრიგი" გამოაცხადა, რომ 50 სასუნთქი აპარატი შეიძინა და ვლადიმირის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადასცა ადგილობრივ საავადმყოფოებში გადასანაწილებლად. ProVladimir-ის მიხედვით აპარატებში მან 6 მილიონი რუბლი გადაიხადა.

14 აპრილს კი ანიკეევამ აღიარა, რომ აპარატები 1999 წელს იყო დამზადებული, თუმცა პირობა დადო, რომ მათ ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდებოდა.

"ისინი ახლებია, გამოუყენებელი, მთელი ეს დრო საწყობში იყო. ისინი მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა გამოიყენონ", - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მის მიერ შეძენილი “FAZA - 5 HP” ტიპის აპარატების ვადა ასეთ შემთხვევაში 4-დან 5 წლამდეა.

ანიკეევი 2018 წელს რუსეთის დუმის ყველაზე მაღალშემოსავლიან დეპუტატად დასახელდა. 2017 წელს მისი შემოსავალი 4.3 მილიარდ რუბლს ($70 მილიონი) შეადგენდა. ის ფლობს სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა კომპანიებს.

ქალაქ ვლადიმირის საავადმყოფოში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ სხვა სასუნთქი აპარატებიც აქვთ და პაციენტების მისაღებად მზად არიან.

ამჟმად რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 57,999 შემთხვევა დადასტურდა. დაიღუპა 513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4,420.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს და ქვეყანას რესურსები აქვს იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა, პარალელურად, რუსეთში სამედიცინო ინვენტარის ნაკლებობას განიცდიან და მისი შეძენა აშშ-საგან სურთ, მათ შორის არის სასუნთქი აპარატები.

კომენტარები