კორუფცია

რადიო თავისუფლება: ღარიბაშვილის მაჯის საათების ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ მოამზადა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული მაჯის საათების კოლექციის ღირებულება 550 ათას ლარს შეადგენს. ეს დაახლოებით 100 000 ლარით აღემატება შემოსავალს, რომელიც ღარიბაშვილმა 2012-2019 წლებში მიიღო. 

ფოტო: რადიო თავისუფლება

საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის საკუთრებაში არსებულ რვა საათზე, რომელთა ღირებულებაც 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს. გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ გამოძიება იმ ფოტო და ვიდეოკადრებს ეფუძნება, რომელთა მოძიებაც საჯარო სივრცეშია შესაძლებელი.

გამოძიების მიხედვით, თვდაცვის მინისტრის მაჯის საათების კოლექციაში ისეთი ძვირადღირებული ბრენდების საათებიც მოხვდა როგორიცაა Rolex, Breguet, Patek Philippe და ომეგა. სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე ძვირადღირებული ეგზემპლარის, Patek Philipe-ს წარმოებული მოდელის, grand-complications-ის ღირებულება 98 ათასი დოლარია, რაც 300 ათას ლარს აღემატება. "საათი დამზადებულია შვეიცარიაში, ჟენევაში, 18-კარატიანი (750 სინჯის) ვარდისფერი ოქროსგან."


ფოტო: რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრის კოლექციაში მოხვდა Rolex-ის Cosmograph Daytona, რომლის ღირებულებაც 30 ათასი დოლარია. ღარიბაშვილის საკუთრებაშია Breguet-ის ბრენდის ორი საათიც, რომელთა ჯამური ფასიც დაახლოებით 36 ათასი დოლარია, რაც 100 ათას ლარს აღემატება.


ფოტო: რადიო თავისუფლება

გამოძიებაში მოხვდა თავდაცვის მინისტრის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ორი საათიც. Omega Constellation-ის "საათის ციფერბლატი მოკირწყლულია 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებულ ბუდეში ჩასმული 34 ცალი ბრილიანტით, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური". საათის ღირებულება 8,600 ევროს აღემატება. 

ფოტო: რადიო თავისუფლება

ნუნუკა თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი საათის, CARTIER BALLON BLEU-ის ღირებულება დაახლოებით 8 ათასი ევროა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარაციაში ამ საათების შეძენის ან საჩუქრად მიღების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითებია, რასაც კანონი ავალდებულებს. 

თავდაცვის მინისტრმა საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები