საგანგებო მდგომარეობა

კობახიძე მარნეულზე: ოპოზიცია ეჭვიანობს ხელისუფლებაზე, ამას ზოგჯერ აქვს მძიმე გამოვლინებები

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე ეჭვიანობს და მარნეულში მოქალაქეების პროტესტიც ამის გამოხატულება იყო.

"ხელისუფლება ზრუნავს მოქალაქეებზე, ზრუნავს ქვეყანაზე და არის წარმატებული ამ საქმეში. ოპოზიცია ეჭვიანობს ხელისუფლებაზე და ამ ეჭვიანობას ხანდახან აქვს მძიმე გამოხატულება. რაც შეეხება ტესტებზე თუ სხვა ტიპის სპეკულაციებს, ამას კიდევ არა უშავს, თუმცა, ის რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში, იყო ეჭვიანობის ძალიან მძიმე გამოვლინება. მოვუწოდებ ოპოზიციას, ერთხელ მაინც შეძლონ კონსტრუქციული მოქმედებით თავის გამოჩენა. ამის დიდი იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ეს ზოგადი მოწოდება მათ მიმართ ძალაში დავტოვოთ. როგორიც არ უნდა იყოს მათი დღის წესრიგი, ჩვენ გვექნება ჩვენი დღის წესრიგი - ეს არის მაქსიმალური შედეგების მიღწევა, როგორც ჯანდაცვის კუთხით ასევე, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამისთვის მთელი სახელისუფლებო გუნდი მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში", - თქვა კობახიძემ იმედის ეთერში.

დღეს მოქალაქეებმა მარნეულში საპროტესტო აქცია გამართეს. ქალაქში, სადაც 1 თვეა, მკაცრი რეჟიმის კარანტინი მოქმედებს, ადგილობრივი მცხოვრებლები ქუჩაში იმის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რომ მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვის საშუალება არ აქვთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, აქვთ საბანკო ვალდებულებებიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამ ფაქტს "ოპოზიციის მიერ მართული" უწოდეს.

კომენტარები