აღდგომა 2020

მეუფე მელქისედეკი: არ მოდუნდეთ! პანდემია ჯერ კიდევ ბოგინობს! გააგრძელეთ ლოცვა შინიდან

ვფიქრობ ამ დღეზე და წმინდა კირილე ალექსანდრიელი მახსენდება, რომელიც გვასწავლის:
"აჰა, ამჯერადაც დაგვიდგა წმინდა დღესასწაულის კეთილნიშნოვანი და მაცხოვნებელი ჟამი, რომლის დროსაც გადავიგდებთ ძველი ცოდვების მძიმე ტვირთს და ნებსით შევებმით ციდან ჩამოსული ღმერთ-სიტყვის მაცხოვნებელ უღელში, თუმცა - არათუ კვლავაც დამაშვრალნი და ტვირთმძიმენი, არამედ განსწავლულნი მშვიდი და ცხონების შემძლე ემმანუელის სიტყვით" (წმ. კირილე ალექსანდრიელი, სააღდგომო ჰომილია).

ჩვენთვის, მოკვდავი ადამიანებისათვის, შეუძლებელია იმის გააზრება, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით თვით უფალი, შეისხა ხორცი, იღვაწა, ივნო, დაეფლა და აღსდგა. მაგრამ სწორედ ესაა სარწმუნოება, გავისიგრძეგანოთ ის, რომ, ადამიანისა და სამყაროსადმი უდიდესი სიყვარულის გამო, ძე ღმერთი "გახდა ადამიანი, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით" (ათანასე ალექსანდრიელი, სიტყვის განკაცებისათვის). ეს არაა რომელიმე ავტორის მისტიკური ან ლიტერატურული თხრობა; არამედ ეს არის ღმერთის მიერ, ადამიანისადმი სიყვარულის გამოვლენა, სიცოცხლის სიკვდილზე ძლევისა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემუსვრის აღსრულება. ეს, ის გზავნილია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მთელ სამყაროს უნდა ვახაროთ, რომლისთვისაც ქრისტე აღსდგა!

გაგახსენებთ ანგელოზის სიტყვებს მენელსაცხებლე დედებისადმი: ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღსდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას" (მათ. 28: 6-7). აღდგომილი ქრისტე მხოლოდ გალილეისკენ კი არ მიუძღვის მის მორწმუნეებს, არამედ ყოველ კეთილ საქმეში შეეწევა მათ; უზომოდ განიხარებს, როდესაც თუნდაც ერთ მოყვასს რაიმე მცირედით ვეხმარებით, ვანუგეშებთ მაშვრალთ, ვეხმარებით ქვრივ-ობოლთ, მოვინახულებთ პატიმართ, შევეწევით უპოვართ; აი ესაა ქრისტესეული სიყვარული; ესაა აღდგომილი მაცხოვრის მცნება, და არა რაიმე აბსტრაქტული მოწოდება, რომელიც უბრალო ნათქვამ სიტყვად რჩება.

ჩვენ, როდესაც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდებით, არ უნდა დავივიწყოთ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც არ გამოუცდია ემიგრანტობის ტკივილი, დარდი, წუხილი და მონატრება. ვილოცოთ მათთვის, რათა აღდგომილი ქრისტეს მეოხებით სულიერად დავუახლოვდეთ მათ, ვინც ჩვენი სიყვარულის გამო ხორციელად დაგვშორდნენ, ვინც საკუთარი ოჯახებისა და საქართველოსადმი დახმარების გამო უცხოეთში იმყოფებიან.

ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაითვალისწინა მედიკოსთა მოწოდებები, ჩვენი თხოვნები და ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სახლში შეეგება. ნუ შედრკებით! თქვენ დაკეტეთ სახლის კარი, მაგრამ გული გაუღეთ უფალს, რომელი გულითაც ყველაზე მძაფრად შეიგრძნობა აღდგომის სიყვარული და სიხარული. გახარებთ თქვენ ქრისტეს დიდებულ აღდგომას და გთხოვთ, არ მოდუნდეთ! პანდემია ჯერ კიდევ ბოგინობს! გააგრძელეთ ლოცვა შინიდან, რათა შეეწიოთ მათ, ვინც საკუთარი სახლებიდან მოშორებით ჩვენთვის შრომობენ.

აღდგომა არის იმედი! სასოება იმისა, რომ ყოველგვარი ბოროტება დამარცხდება, ჯოჯოხეთის ბჭე შეიმუსრება და სიყვარული გაიმარჯვებს!

მთავარია გიყვარდეთ და იზრუნოთ ერთმანეთზე! გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვათა სიცოცხლეს!
ქრისტე აღსდგა!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლე. ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წინასააღდგომოდაც მოუწოდა მრევლს სახლში დარჩენისაკენ, თუმცა ტაძრები არ დახურა.

კომენტარები