ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ინფექციურში 33 ბოქსირებული პალატა გვაქვს, სულ 72 პაციენტის მიღება შეგვიძლია

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 33 ბოქსირებული პალატაა, სადაც მინიმუმ 66, მაქსიმუმ 72 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი.

"ასე რომ, 72 პაციენტის მიღების საშუალება გვქვს. თითოეულ ოთახში არის რამდენიმე საწოლი. როცა კლასტერებად არის პაციენტების ინფიცირება, მათი ერთად განთავსდება შესაძლებელია. როცა დამოუკიდებელი წყაროა, მაშინ პაციენტი ცალკე თავსდება.

33 ოთახზე 45 პაციენტი მიწევს, კიდევ შემიძლია მივიღო პაციენტები", - თქვა მან.

რაც შეეხება პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

"სამს მძიმე პნევმონია აქვს. ჯერჯერობით მათი მდგომარეობა მართვადია. თუ მკურნალობის შედეგად დაავადება პროგრესირებას არ განიცდის, მაშინ ვითარება დასტაბილურდება და გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს", - თქვა მან.

ეზუგბაიასვე თქმით, ინფექციურში მძმე პნევმონიით 8 პაციენტი მკურნალობს, კრიტიკულთან მიახლოებული მდგომარეობა აქვს 2 პაციენტს.

7 არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

18 აპრილის 10:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 385 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 84 - გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები