კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე საბა: იმის გავრცელება, რომ თითქოს მართლმადიდებლობის დევნა იწყება, უპასუხისმგებლობაა

facebook: Saint Sava Monastery

"საკითხის ასე დაყენება და გავრცელება, თითქოს დღეს მართლმადიდებლობის დევნა იწყება, უპატივცემულო და უპასუხისმგებლო განცხადებებია პირველ რიგში მრევლის მიმართ", - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ტვ პირველის ეთერში საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს აფასებს.

ეპისკოპოსი ხალხს სახლში დარჩენისკენ და მოუწოდებს და ამბობს, რომ უნდა გავითვალისწინოთ სამედიცინო პერსონალისა და სახელმწიფოს რეკომენდაციები.

"ჩვენი თითოეული ნაბიჯი და წარმოთქმული სიტყვა უნდა იყოს ხელისშეწყობა ამ საფრთხის აცილებისათვის და არა ადამიანების პროვოცირება, თითქოს ჩვენ დღეს გვდევნიან და ეკლესიებს გვიკეტავენ. ეკლესიებს არავინ კეტავს, ჩემო კარგებო...დღეს არავინ თქვენ არ გართმევთ სარწმუნოებას, ქრისტეს სიყვარულს", - ამბობს ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, ეკლესიამ და სინოდმა უნდა აიღოს პასუხიმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, იმაზე, რაზეც შეთანხმდნენ სახელმწიფოსთან. ეპისკოპოსი საბა ამბობს, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრების ქონისა, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

"ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ. პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რაზეც შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, რომ მრევლს არ გადავაბრალოთ - ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს მრევლმა. ამიტომ, როცა მრევლს არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით, შედეგები რა იქნება. აღდგომას ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში", - ამბობს მეუფე საბა. 

ეპისკოპოსი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ მსახურებაა:

"მაცხოვარმა რაც გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ადამიანებისთვის, თავი დადო, ჯვარზე ავიდა, ჯვარცმის წინ ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და უთხრა: "მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ თქვენ მემსახუროთ მე, არამედ მე გემსახუროთ თქვენ". ვინ ითვლება ამაში? ამაში ითვლებიან ადამიანები. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთს სჭირდება ჩვენი მსახურება, ჩვენი მსახურება არის ადამიანების მიმართ, ამიტომ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენი მსახურება, აღდგომის დღესასწაულის განცდა, უნდა იყოს ადამიანების თანადგომის და იმ საფრთხის თავიდან აცილების, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო", - ამბობს ეპისკოპოსი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ტარდება და მრევლი ერთი კოვზით ეზიერება.

ქვეყანაში აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაბამისი ჯარიმებიც მოქმედებს, მაგრამ ეკლესიებში ხალხმრავლობებზე მთავრობა არ რეაგირებს. 

გუშინ, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

 

 

კომენტარები