კორონავირუსი

ბრიტანეთში Covid-19-სგან 106 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

Sandwell and West Birmingham NHS Trust

გაერთიანებულ სამეფოში 106 წლის ქალი, კონი ტიტჩენი, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის საავადმყოფოდან 3-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

"ის ჩვენი ყველაზე ასაკოვანი პაციენტია, რომელმაც ვირუსი დაამარცხა. შესაძლოა, ის ქვეყანაში ყველაზე ასაკოვანი პიროვნებაა [რომელიც ახალი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა]," - განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS) წარმომადგენელმა.

ბირმინგემის ექთნებმა გამოჯანმრთელებულ ქალს საავადმყოფოდან გაწერის დროს ტაში დაუკრეს.

"მე ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ეს ვირუსი დავამარცხე. ერთი სული მაქვს ჩემ ოჯახს როდის ვნახავ," - თქვა ტიტჩენმა, რომელიც რვა შვილთაშვილის ბებიაა.

საავადმყოფოს ინფორმაციით, ტიტჩენი 1913 წლის სექტემბერში დაიბადა და ორი მსოფლიო ომის პერიოდში იცხოვრა.

მართალია, კორონავირუსით ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა, დაავადდეს, თუმცა, ამჟამინდელი ინფორმაციით, ასაკოვანი, 60 წელს გადაცილებული პირები და სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე (გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირატორული დაავადებები) ადამიანები, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

15 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვირუსით დაავადების 99 455 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 12 868 პაციენტი. ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენი ტესტი 398 916 პირს ჩაუტარდა. Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 365 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები