ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ვაშაძე: აშშ-ის საელჩოს მითითება არის მკაფიო, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს

ახალი საქართველო

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. 

ვაშაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯით ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ სცადა თაღლითობა და აჩვენა საკუთარი სახე, თუ როგორ სარგებლობს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისით. 

"ახლა ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოდუნებულია, არავინ ყურადღებას არ მიაქცევს. ეს ძალიან მკაფიო განცხადებაა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომელიც მიუთითებს ყველა მხარეს, რომ შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული.

[...] ნუ თაღლითობთ, დროა უკვე, შეასრულოთ თქვენივე ნაკისრი ვალდებულებები. არ გეგონოთ, რომ კორონავირუსის გამო გაგივათ,"- თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე პატიმრობის შეფარდებას აშშ-ის საელჩო 14 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ საელჩო ყველა ხელმომწერ მხარეს მოუწდებს, დაიცვან 8 მარტის შეთანხმება. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - წერია განცხადებაში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომენტარები