კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საყოველთაო კარანტინი 3 მაისამდე გაგრძელდება

Reuters

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვაში უთხრა, რომ საყოველთაო კარანტინი 3 მაისამდე გაგრძელდება.

მოდის თქმით, ვინაიდან 3-კვირიანი კარანტინის პირობებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა, მთავრობის მთავარი მიზანი ახლა ქვეყნის სხვა რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენციაა.

"3 მაისამდე ყველა ინდოელს მოუწევს კარანტინში ყოფნა. ვთხოვ ყველა ინდოელს, შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება სხვა რეგოინებში. ქვეყანამ დადებითი შედეგი მიიღო სოციალური დისტანცირების და კარანტინისგან. თუ ამას ეკონომიკის გადმოსახედიდან შევხედავთ, ძვირი ჩანს, ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოგვიწია, მაგრამ ეს ინდოელების სიცოცხლეს ვერ შეედრება." თქვა მან.

კორონავირუსის გამო დამატებითი ზომების შემოღების შემდეგ მოდიმ ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობამ შესაბამისად არ გათვალა ის ეკონომიკური შედეგები, რასაც  საიზოლაციო რეჟიმი მოიტანდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი სამუშაოს გარეშე დარჩა და მილიონობით ადამიანი ქალაქებიდან სოფლისაკენ დაიძრა.

ამჟამად ინდოეთში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10,541 შემთხვევა, დაიღუპა 358, გამოჯანმრთელდა 1,205 ადამიანი. არსებობს ეჭვი, რომ ტესტირების ნაკლებობის გამო, ინფიცირებულთა ნამდვილი რიცხვი ბევრად მეტია.

კომენტარები