კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში ერთ დღეში COVID-19-ის 400 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ABC

ინდოეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევების დღიურმა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა. პირველ მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 401 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.

ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მარტის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ორმაგდება. ბოლო 10 დღის მანძილზე ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს. ბოლო კვირის მანძილზე მთელ მსოფლიოში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 43% პროცენტი ინდოეთზე მოდის. 

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში Covid-19-ით  215 542 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად დღეში Covid-19-ს საშუალოდ 3 500 ადამიანი ეწირება.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ბოლო კვირებში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ უარი თქვა შეეზღუდა მასობრივი შეკრებები და რელიგიური ღონისძიებები. 

პირველი მაისიდან ინდოეთმა საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა ზოგიერთი შტატის ხელისუფლების თანახმად, ყველა მსურველისთვის სამყოფი ვაქცინა ჯერ არ არის. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 30 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 9.1% პროცენტმა მიიღო, სრულიად აცრილი კი მხოლოდ 1.9%-ია.

ინდოეთში ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს და ინდური კომპანია Bharat-ის Covaxin-ის იყენებდნენ, პირველი მაისიდან ქვეყანამ რუსული Sputnik V-ის პირველი პარტიაც მიიღო.

კომენტარები