ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ბოკერია ოქრუაშვილის განაჩენზე: სამარცხვინოა, აჩვენებს, როგორ იყენებს ივანიშვილი სასამართლოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი არ გათავისუფლდება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება ვერ შესრულდება. მისივე თქმით, იგივე ეხება გიგი უგულავა და გიორგი რურუას.

ბოკერია ამბობს, რომ მთავარია, შეთანხმების პირობები შესრულდეს საარჩევნო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე. 

ბოკერია ამბობს, რომ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან, არჩევნებზე დამარცხებასთან ერთად. ამის შესახებ ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ უზარმაზარი საფრთხის გამო, რასაც პანდემია ჰქვია, პოლიტიკური შეთანხმების, ან დემოკრატიული ნორმალიზაციის თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის რამე შეიცვალა.

ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს, დღეს მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილების მიუხედავად, ყველა ინსტრუმენტი აქვთ ხელში ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ ის გათავისუფლდეს, სანამ იქნება საარჩევნო ცვლილებების პირველი კენჭისყრა", - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია ამბობს, რომ  საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა და ადასტურებს იმას, თუ როგორ იყენებს ივანიშვილი სასამართლო სისტემას. 

20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს, 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

კომენტარები