კორონავირუსი და ეკონომიკა

ხუთი ბიზნესასოციაცია მთავრობას "გადაუდებელი ღონისძიებების" სიას სთავაზობს

management-degree.net

საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესასოციაცია მთავრობას სთავაზობს "გადაუდებელი ღონისძიებების" ჩამონათვალს კორონავირუსით მოყენებული ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად.

იმისათვის, "რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება", ბიზნესასოციაციები მთავრობას შემდეგ ნაბიჯებს სთავაზობენ:

  1. ტვირთების განბაჟების დროს ე.წ ყვითელი დერეფნების გაუქმება, რომელიც, ბიზნესასოციაციების თანახმად, "დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი" მექანიზმია და ხელს უშლის ბიზნესისთვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შენარჩუნებას.
  2. დადგეს დღგ-ს გადახდის ვალდებულება საქონლის რეალიზაციის შემდეგ, ანუ აღდგეს ე.წ "ოქროს სიის" პრინციპი და გავრცელდეს ყველა კომპანიაზე. ბიზნესასოციაციებში ამბობენ, რომ ასე ბიზნესს მეტი საბრუნავი თანხა დარჩება.
  3. 6 თვით შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა.
  4. 6 თვით შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა.
  5. 6 თვით გადავადდეს ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება.

როგორც ბიზნესასოციაციების საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, პირველი და მეორე ნაბიჯების აუცილებლობა იმითაა განპირობებული, რომ კომპანიებმა საქონელი კრიზისამდე მიიღეს, კრიზისის დადგომის შემდეგ კი საბაჟო დერეფნები და დღგ-ს გადახდის აუცილებლობა მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ართულებს.

საერთო წერილს ხელს აწერენ: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს საბჭო.

კომენტარები