კორონავირუსი და ეკლესია

კობახიძე ილია II-ის გარემოცვას: დაარწმუნეთ, დაკეტოს ტაძრები, მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდოს

ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე პატრიარქის გარემოცვას მიმართავს და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ, დაარწმუნონ ილია მეორე, დაკეტოს ეკლესიები და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს.

"მივმართავ პატრიარქის გარემოცვის წევრებს: შორენა თეთრუაშვილს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს, მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს, მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს, მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას. თქვენ შეგიძლიათ, დაარწმუნოთ პატრიარქი, რომ დაკეტოს ეკლესიები და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს. ეს თქვენთვის კარგია, ერის გადამრჩენი იქნებით და რეიტინგიც ძალიან აგეწევათ", - წერს ბასილ კობახიძე ფეისბუქზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. დღეს, 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, რომელიც ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფშია, ის 87 წლისაა, ამასთან, აქვს თანმდევი დაავადებები.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

დღეს, 12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია.

კომენტარები