კორონავირუსი

ზუგდიდის მერი: ბაზრის ნაწილი 12 აპრილს გაიხსნება, მომხმარებლებმა დისტანცია უნდა დაიცვან

რადიო ათინათი

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება. ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბაზრის მთელ ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ კვირის დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი "ცუდი ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების დაუცველობის" გამო დაიხურა.

"შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართული, რათა მოწესრიგებულიყო ბაზარში არსებული სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ძირითადი რეკომენდაციები, რაც გავეცით ბაზრის ადმინისტრაციისთვის, შესრულებულია და ხვალიდან ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილი ფუნქციონირებას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობაზე და იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. პერსონალი, ვინც უშუალოდ პროდუქტის რეალიზებაშია ჩართული, იქნება მაქსიმალურად დაცული" - ამბობს შენგელია.

ზუგდიდის მერის განმარტებით, მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით შევლენ.

"ბაზარში შევა მხოლოდ ის რაოდენობა მომხმარებლების, რა რაოდენობითაც შესაძლებელი იქნება დისტანცირების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მომხმარებლებს მოცდა ბაზრის მიღმა შეეძლებათ, რა თქმა უნდა, იქაც შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად გაკონტროლდება ჩვენი ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ისევ გავატაროთ მკაცრი ზომები და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაც ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის გარდა, აგრარული ბაზრები დახურულია თბილისში, სენაკში, ოზურგეთში.

კომენტარები