კორონავირუსი და ეკონომიკა

წერეთელი სუფთა სახლზე: გაუგებარი მიზეზით 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება მიუღებელია

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი "სუფთა სახლის" ობიექტების დახურვას და ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვებას, "ცუდ და მიუღებელ" გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ჯანდაცვის მიმართულებასთან ერთად,  უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის გადარჩენა, ბიზნესისა და უმუშევრად, უსახსროდ დარჩენილი ხალხის დახმარება. 

"ბევრ ქვეყანაში, სადაც შეუდარებლად მძიმე ვითარებაა საქართველოსთან და ასევე შეუდარებლად მეტი მატერიალური დახმარება აქვს მოსახლეობას, უკვე ფიქრობენ, ნელნელა გახსნან დახურული საწარმოების თუ სავაჭრო ობიექტების ნაწილი, სადაც ასევე დაცული იქნება ყველა პრევენციული რეკომენდაცია. იტალიასა და ესპანეთშიც კი, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, აპირებენ ამ მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გრაფიკის მიხედვით.

ჩვენთან პრაქტიკულად ყველაფერი დაკეტილია და მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობაც დახმარების მოლოდინშია. ამ ფონზე, მაგალითად, ერთერთი დიდი ქსელის ყველა ობიექტის დახურვა და ამდენ უმუშევარ ადამიანს კიდევ 1200-მდე უმუშევრის დამატება რატომ ხდება?" - კითხულობს წერეთელი.

"აღარაფერს ვამბობ, "დარჩი სახლში"-ს პირობებში რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის იქვე ახლოს, ძალიან საჭირო პროდუქციის შეძენა უბნის მაღაზიაში, თანაც წესების მკაცრი დაცვით.. თუ ეს კორონავირუსის შემთხვევას ეხება, ამის მოვლა შეიძლება ყველაფრის დაკეტვის გარეშეც, თუ რამე სერიოზული საფრთხეა, უთხრან ხალხს, ამ მაღაზიებში ხომ ბევრი ადამიანი დადიოდა?!" - ამბობს გიგი წერეთელი.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 10 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გამო დაიხურა, რამაც 1200 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ემორჩილებიან, თუმცა, მათთვის მიზეზი გაუგებარია.

კომპანიაში 10 აპრილს კომპანიაში შემოსავლების სამსახური შევიდა და თქვა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფილიალები უნდა დახურონ, რადგან ვერ მოხვდნენ იმ ბიზნესობიექტების სიაში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. 

აღსანიშნავია, რომ "სუფთა სახლი" კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 31 მარტიდან 10 აპრილამდე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.

ვრცლად, რატომ დაიხურა "სუფთა სახლი" და რა ბედი ელის კომპანიაში დასაქმებულ 1200 ადამიანს, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები