ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრებაზე

TV Pirveli

პრემერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ შესაძლოა მიიღოს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ რომელიმე რეგიონში, რადგან რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება.

"ჯერ ველოდებით ტესტირებების საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება, შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, იმიტომ, რომ ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული, ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში", - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი, თუმცა, მისივე თქმით, ყველანაირი პროგნოზი პირობითია.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, გამოჯანმრთელდა 50 პირი, გარდაიცვალა 3.  საკარანტინო რეჟიმში ამ დრომდე 4 722 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408.

კომენტარები