კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ეკლესიაზე: კანონი ერთია ყველასთვის, დავრჩეთ სახლში, ესაა რეკომენდაცია და თხოვნა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და წირვა-ლოცვას ტელევიზიის საშუალებით ადევნონ თვალი. 

ამის შესახებ გამყრელიძემ სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

"ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი - ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის,"- თქვა გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე დაყრდნობით მისი რეკომენდაციაა ის, რომ კანონის საწინააღმდეგოდ არ უნდა იმოქმედონ. 

"კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე იმ დიდი საშიშროებიდან ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია...

დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანი შეიკრიბება, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართო მასშტაბის ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და რაც მთავარია, გარდაცვალება,"- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიის სატელევიზიო ეთერით ყურებისკენ მოუწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემაც. 

"აქედან გამომდინარე, მე მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მე მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისაგან. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესია ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისთვის,"- თქვა პაატა იმნაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც საღამოს 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. საპატრიარქო პანდემიის სააღდგომოდ გადავლას ელოდება, სახელმწიფო კი - აღდგომიდან ორ კვირაში კორონავირუსის ინფიცირების პიკს.

კომენტარები