პაციენტების მდგომარეობა

ენდელაძე: თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ მოიმატა, ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისათვის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 38 ადამიანია, აქედან ორ მესამედს ფილტვების ანთება აღენიშნება, 6 მძიმე პაციენტია, ერთი კი - კრიტიკული. 

ექიმი ამბობს, რომ 60 წელს გადაცილებული პაციენტი ახლა უფრო მეტია, ვიდრე პირველ პერიოდში. მისივე თქმით, მძიმე პაციენტების რიცხვში არ არიან ბავშვები. 

"საყურადღებო პაციენტები გვყავს. თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონია გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით. ზოგადად, ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა," - ამბობს ენდელაძე.

მისივე თქმით, დღესაც აღებულია ანალიზები და მათი პასუხები დღის ბოლოსთვის იქნება. შესაბამისად, ცნობილი გახდება, რამდენი ახალი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ენდელაძის თქმითვე, ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებული პაციენტებიც. 

ენდელაძე ამბობს, რომ ინფექციურში ისეთი პაციენტებიც არიან, რომლებიც შიდა გადაცემით დაინფიცირდნენ და პირველწყარო დადგენილი არ არის.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 39 გამოჯანმრთელდა, ორი კი - გარდაიცვალა. 

 

კომენტარები