კორონავირუსი და ეკონომიკა

WHO-ს და IMF-ის ხელმძღვანელები: პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის გაჯანსაღებისთვისაა საჭირო

Vox

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმღვანელებმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და კრისტალინა გეორგიევამ გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, სადაც ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, რომ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ყველაზე სწორი გზა პანდემიასთან ბრძოლაა.

"ზედაპირზე ჩანს, თითქოს არჩევანია გასაკეთებელი - ან სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ან საარსებო საშუალებები. ეს მცდარი დილემაა - ვირუსის დამორჩილება, პირველ ყოვლისა, სწორედ საარსებო საშუალებების გადარჩენის წინაპირობაა" - ვკითხულობთ წერილში.

ავტორები წერენ, რომ ბევრ, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი იყო და მოუწოდებენ მთავრობებს, ამ მიმართულებით ხარჯვას მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ.

"გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის მსვლელობა და გლობალური ეკონომიკის ბედი განუყოფლადაა გადაჯაჭვული. პანდემიასთან ბრძოლა აუცილებელია, რათა ეკონომიკამ შეძლოს კვლავ დადგეს ფეხზე".

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეკორდული რაოდენობის, 85 ქვეყნიდან მიიღო გადაუდებელი დახმარების თხოვნა. ორგანიზაცია მზადაა, საგანგებო ვითარების ფონდის მოცულობა 50 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდამდე გაზარდოს.

გარდა სავალუტო ფონდისა, მსოფლიოს ბანკმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საგანგებო სახსრების სახთ 25 განვითარებად ქვეყანას ჯამში 1.9 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

კომენტარები