კორონავირუსი და ეკონომიკა

თურნავა: ეკონომიკის ზრდის 0%-იანი პროგნოზი გარკვეულწილად ოპტიმისტურია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "გარკვეულწილად ოპტიმისტურს" უწოდებს აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით გაიზრდება.

თურნავას თქმით, პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია, რადგანაც მოვლენათა განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გასტანს კორონავირუსის კრიზისი:

"საკმაოდ რთულია ეხლა კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, იმიტომ, რომ ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის გამოწვევა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად."

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა თავის პროგნოზს განახლებულ ბიუჯეტში გადახედავს, რომელსაც დახმარების პაკეტის მთლიანად ჩამოყალიბების შემდეგ წარადგენს.

"მე ვიტყოდი, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, 0%-იანი ზრდა, გარკვეულწილად, ოპტიმისტურიც არის. ჯობია, ყველა ვემზადოთ უარესისთვის და გაგვიხარდეს ყველას, უკეთესს რომ მივაღწევთ." - ამბობს ნათია თურნავა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, "საქართველოს ტურიზმსა და ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეკონომიკა განსაკუთრებით მოწყვლადი იქნება Covid-19-ის მიმართ, შეაფრერხებს რა ეკონომიკურ ზრდას 2020 წელს დაკეტილი საზღვრები და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა."

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შეშლის მიუხედავად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფაციის მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

2021 წელს, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება.

კომენტარები