ეკონომიკური კრიზისი

ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს: დაგვეხმარეთ ეკონომიკურ კრიზისის დაძლევაში

EADaily

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს. 

წერილის ადრესატები არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობები, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი და JICA.

წერილს ხელს აწერს 23 ოპოზიციური პარტია, თუ სამოქალაქო მოძრაობა, მათ შორის - გირჩი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და ახალი საქართველო. 

"კორონავირუსმა მსოფლიო და საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება, შესაძლოა, კიდევ დამძიმდეს. 

მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს. 

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისსა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას. 

კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის სრული კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ ეკონომიკური წონასწორობა შეინარჩუნოს, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ კი ეკონომიკა გადავარჩინოთ. 

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას,"
- წერია წერილში. 

წერილს ხელს აწერენ: გირჩი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი საქართველო, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო მოძრაობა, თავისუფალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, პარტია სამართლიანობისთვის, მოძრაობა ახალი საქართველოსთვის, გამარჯვებული საქართველოსთვის, კანონი და სამართალი, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ემსახურე საქართველოს, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველო ლიდერთა შორის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ლელო საქართველოსთვის, ნატო ჩხეიძე (საქართველოს პარლამენტის დეპუტატი).

კომენტარები