ეკონომიკური კრიზისი

TV პირველი: ორთაჭალაში ბინის მეპატრონემ მდგმურს სახლი დაუწვა და მის დაწვასაც ცდილობდა

TV Pirveli

TV პირველის ინფორმაციით, ორთაჭალაში ბინის მეპატრონემ მდგმურს ის შენობა დაუწვა, რომელსაც წლების განმავლობაში ნაქირავები სახლის წინ იშენებდა.

როგორც მდგმური დავით აბრამიშვილი ტელეკომპანიასთან ყვება, სახლის დაწვის შემდეგ სახლის მეპატრონე მისი ცოლის დაწვასაც შეეცადა, მას ბენზინი შეასხა, თუმცა სანთებელის დროულად ანთება ვერ შეძლო და აბრამიშვილმა ცოლის გადარჩენა მოახერხა. 

აბრამიშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მან სამსახური დაკარგა - ის ერთერთი უცხოური კომპანიისთვის მძღოლად მუშაობდა, რის გამოც ქირის თანხის, 200 ლარის, დროულად გადახდა ვერ შეძლო. როგორც აბრამიშვილი ტელეკომპანიას უყვება, მან სისხლიც ჩააბარა, თუმცა მიღებული 40 ლარით ბინის ქირა ვერ დაფარა. 

"ნაბეღლავის ორი ბოთლი ეკავა ხელში, ერთი ბოთლი დააცალა და მისდევდა [ცოლს]. ამას დავავლე ხელი და გამოვაქციე აქეთ. სანთებელას ვერ კრავდა თითს, მე რომ არ ვყოფილიყავი, დაწვავდა", - ყვება აბრამიშვილი. 

მდგმურის თქმით, სახლის მეპატრონე მას მანამდეც ემუქრებოდა, რომ მის კისერზე "ორი 'ტრუპი' იყო", აბრამიშვილის თქმით კი, ის ბინის მეპატრონეს სთხოვდა, მისთვის ცოტა დრო მიეცა, რადგან სამსახურის გარეშე დარჩა. 

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ბინის მეპატრონე დაკავებულია. დამატებითი დეტალების გაგებას ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს და მასალას მიღებისთანავე განვაახლებთ. 

კომენტარები