ეკონომიკური კრიზისი

ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დაკარგავს სამსახურს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, ის, თუ რა რაოდენობის ადამიანს დაეხმარება მთავრობა, დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს და დღეს ამ კითხვაზე მთავრობას პასუხი ვერ ექნება. 

ცქიტიშვილის განმარტებით, ნებისმიერი დაპირება, რომ მთავრობა დაეხმარება "ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით ან ამდენი თვის განმავლობაში" საფუძველს მოკლებული და რეალობას მოწყვეტილი იქნება. 

"ჩვენ კონკრეტული რიცხვების დასახელებას და კონკრეტული თანხების შეთავაზებას შევძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შევძლებთ თუნდაც აპრილის თვეში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში," - თქვა ცქიტიშვილმა. 

ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობა იმედს იტოვებს, რომ იმ დახმარებების პაკეტით, რაც მათ ქართულ ბიზნესს შესთავაზებს, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს და ბიზნესის მხრიდან სოლიდარული მონაწილეობის შედეგად, მარტის თვის განმავლობაში არ იქნება ბევრი ადამიანი, რომელმაც შეიძლება, დაკარგოს სამსახური. 

"აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, რომ შევაფასოთ დახმარების მოცულობა და დახმარების მიმღები პირების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება კონკრეტული რიცხვები," - თქვა ვიცეპრემიერმა. 

მინისტრის თქმით, რაც შეეხება თვითდასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათ შეეხებათ მთავრობის მხრიდან მათთვის კომუნალურების გადახდის მექანიზმი და ასევე ბანკების გადაწყვეტილება, რომ 3-თვიანი ვადა მისცენ მომხმარებლებს სესხების გადახდაზე.

კომენტარები