ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტმა უშიშროების ძალებს უთხრა, რომ კარანტინის დამრღვევებს ესროლონ

როდრიგო დუტერტე

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ქვეყნის უშიშროების ძალებს მითითება მისცა, რომ ქვეყნაში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინისას იმ პირებს, რომლებიც "პრობლემებს" შექმნიან, ცეცხლი გაუხსნან და მოკლან.

"ჩემი ბრძანება პოლიციისა და სამხედროებისათვის, ასევე სოფლების მმართველებისათვის, არის შემდეგი: თუ პრობლემები იქნება, ან სიტუაცია, როდესაც ხალხი ჩხუბობს და თქვენი სიცოცხლე სასწორზე, ესროლეთ და მოკალით. პრობლემების შექმნის სანაცვლოდ საფლავში გაგისტუმრებთ." თქვა დუტერტემ.

ამჟამად კარანტინის ზომები ქვეყნის ნახევარზე, დაახლოებით 110 მილიონ ადამიანზე ვრცელდება. მილიონობით ადამიანი გადაადგილების შეზღუდვის გამო უმუშევარი დარჩა.

დუტერტეს სატელევიზიო გამოსვლამდე დედაქალაქ მანილას ღარიბ უბნებში ათობით ადამიანი კარანტინის ზომების დარღვევის გამო დააკავეს. მათ საპროტესტო აქცია გამართეს და ამბობდნენ, რომ ქვეყნის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ღარიბთა დასახმარებლად.

ამჟამად ფილიპინებში კორონავირუსით ინფიცირების 2,311 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 96 ადამიანი.

დუტერტე ხელისუფლების სათავეში 2016 წლის არჩევნების შემდეგ მოვიდა და მას შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთ საკითხზე კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნარკოტიკების წინააღმდეგ მის მიერ წარმოწყებული ომი, რომლის დროსაც გამოვლინდა სამართალდამცველების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების და უდანაშაულო პირთა მკვლელობის არაერთი შემთხვევა.

როგორც წარსულში არაერთ შემთხვევაში, ახლაც დუტერტეს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეზიდენტის განცხადება კარანტინის დამრღვევთა მოკვლის შესახებ ჰიპერბოლა იყო. ფილიპინების ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ოფიცრები მოსახლეობას ცეცხლს არ გაუხსნიდნენ.

Amnesty International-ის ფილიპინების ოფისში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება შემაშფოთებელია და პანდემიასთან ბრძოლისას მსგავსი ძალა ხელისუფლებამ არასდროს არ უნდა გამოიყენოს.

კომენტარები