კორონავირუსი და ეკონომიკა

ვიცე-პრემიერი: სავალდებულო საპენსიო შენატანის შეჩერება ამ ეტაპზე არაა გათვალისწინებული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის ფონდში შენატანის დროებით შეჩერება "ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული".

ცქიტიშვილის თქმით, დამატებითი ზომების მიღებამდე მთავრობამ უნდა შეაფასოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დახმარება დაჭირდება, შემდგომ ნაბიჯებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება ან რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები," - ამბობს ცქიტიშვილი.

დღეს, 1 აპრილს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერმა გახარიამ 2 მილიარდ ლარიანი დახმარების პაკეტი წარადგინა.

დახმარების ფარგლებში მთავრობა მარტის, აპრილისა და მაისის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს სრულად დაუფინანსებს იმ ოჯახებს, რომლებიც 200 კილოვატ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარენ. გარდა ამისა, მთავრობა მობილიზებული სახსრებით ასევე გააგრძელებს "მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს" და დაეხმარება სხვა დარგებსაც, გააგრძელონ მუშაობა.

როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, ელექტროენერგიის შეღავათი 1 200 000 ოჯახს შეეხება, ხოლო გაზის - 671 000 ოჯახს.

მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად პირველი ნაბიჯები 13 მარტს წარადგინა. მასტიმულირებელ პაკეტში საუბარი იყო გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, საგადასახადო შეღავათებზე და სხვადასხვა შეღავათზე ტურიზმის სექტორისთვის.

პრემიერი გახარია და ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი ხაზს უსვამენ, რომ მთავრობის ნაბიჯები "მხოლოდ დასაწყისია" და მოვლენათა განვითარების შესაბამისად, მთავრობა გააგრძელებს მასტიმულირებელი ზომების მიღებას.

საპენსიო შენატანის შეჩერება ევროპულმა საქართველომ 20 მარტს მოითხოვა. როგორც პარტიაში აცხადებდნენ, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ხარჯებით კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი, დასაქმებულებს კი მეტი ფული დარჩებოდათ.

 

 

კომენტარები