კომენდანტის საათი

მეზვრიშვილი: მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის მოწმობები

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს დღეიდან, 31 მარტიდან გადაადგილებისას აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. მისივე თქმით, ქვეყანაში გამკაცრებული ზომების აღსრულების პროცესს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ და პირადობის მოწმობის ქონა აუცილებელი მოთხოვნაა.  

„დღეიდან, ფაქტობრივად, ჩვენ ცოტა განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით. კიდევ უფრო გამკაცრდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის მიერ დაწესებული ზომები. ქვეყანა უკვე 10 დღეა საგანგებო რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილებისა და შეკრების, სამეწარმეო საქმიანობის (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საკუთრების და სხვა უფლებები," - ამბობს მეზვრიშვილი.

31 მარტის დილის 10:00-დან იკრძალება:

სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, ჩერდება მეტროს და ავტობუსების მუშაობა.

06:00საათიდან 21:00 საათამდე მოქალაქეებს მხოლოდ ქვეითად ან მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ გადაადგილება, მათ შორის ტაქსით. მანქანაში არ უნდა იჯდეს სამზე მეტი ადამიანი, ნებადართული მხოლოდ მძღოლი და უკან ორი ადამიანი. 

აკრძალულია 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა. მათ შეუძლიათ მხოლოდ უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში წასვლა.

21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი - 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება  ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ, მაგალითად ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ 

კომენდატის საათის დროს იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

კომენტარები