კორონავირუსი საქართველოში

ბაქრაძე: სახელწიფო ვალდებულია ყველგან აღასრულოს შეზღუდვები, რომელიც შემოაქვს - ეკლესიაშიც

ტაბულა

"პრემიერმა თქვა, რომ შედგება კომპრომისი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ფაქიზ და კომპრომისებზე აწყობილ ურთიერთობას სახელმწიფოს და ეკლესიას შორის, მაგრამ კორონავირუსმა არ იცის კომპრომისი", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ტვ პირველის ეთერში.

ბაქრაძის შეფასებით, თუ სახელმწიფო ამბობს, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება საშიშია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ეს რეგულაცია ყველგან უნდა შესრულდეს.

"სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს სრული მოცულობით ის შეზღუდვები, რომლებიც შემოაქვს და ვიმეორებ, ნებისმიერ ნაბიჯში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ნაბიჯები და მართლაც მძიმეა ის რეჟიმი, რაც ხვალიდან შემოდის, ხელისუფლებას ექნება ჩვენი მხარდაჭერა", - ამბობს ბარაძე.

პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სწორედ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა წესები მრევლისთვის და ეს კომუნიკაციები გაგრძელდება.

გახარიას თქმით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს ჯანმრთელობას, მთავრობა ყოველთვის იპოვის "შესაბამის კომპრომისს" ეკლესიასთან, - "იმიტომ, რომ მე, როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის.", - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველოში "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი" ცხადდება.

პრემიერმინისტრის თქმით, იკრძალება:

  • ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.
  • 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა
  • 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა
     

21:00-დან დილის 06:00-მდე კი ე.წ კომენდატის საათი ცხადდება.

საქართველლოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები