კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციურის 780 თანამშრომელი მომდევნო კვირებში ციხეებში იცხოვრებს, ტერიტორიას არ დატოვებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ, 29 მარტს სამსახურში მივიდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში აღარ დაბრუნდება და საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით, 780 ადამიანი მომდევნო კვირების განმავლობაში არ დატოვებს საპატიმროების შენობებს, რათა მისივე განცხადებით, არცერთ პატიმარს არ ჰქონდეს განცდა, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელმა ახალი კორონავირუსი გარედან შიგნით შეიტანოს. 

"400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის შექმნილ სპეციალურ ყაზარმულ სივრცეში, მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმრებს არ აქვთ, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან თავისუფლება აღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ ფინანსური შეღავათი იმიტომ, რომ ნაწილობრივ მაინც ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა დაკომპენსირდეს,"- ამბობს წულუკიანი. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა 780 თანამშრომელსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას. 

წულუკიანის განმარტებით, 780-ვე თანამშრომელი ინსპექტორ-კონტროლიორია, ვინც იცავს საკნებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კორპუსში, ფლიგელსა, თუ სართულზე. ხოლო, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ივლიან სახლშიც, წულუკიანის თქმით, არც აქამდე ჰქონდათ პატიმრებთან შეხება და არც ახლა ექნებათ. 

"მაგალითად ციხის ადმინისტრაციის ესა თუ ის თანამშრომელი, რომელიც ჩვეულებრივ დროსაც არასდროს მიდიოდა საკანთან. ასევე, ისინი, ვინც გვეხმარებიან, თავიდან ავიცილოთ ვიდეო-მეთვალყურეობის მქონე საკნებში მაგალითად, სუიციდები. ეს ადამიანები არც აქამდე იმყოფებოდნენ პატიმრებთან და არც ახლა იქნებიან, შესაბამისად, ისინი ივლიან სახლში და მოვლენ საპატიმროებში,"- თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ერთადერთი, ვინც შეხებაში იქნება პატიმართან, მაგრამ დაწესებულების ტერიტორიაზე არ დარჩება, სამედიცინო პერსონალია. წულუკიანის თქმით, ისინი არიან და კიდევ უფრო მკაცრად იქნებიან აღჭურვილები, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეებში ახალი კორონავირუსის შეტანის.

"ეს იქნება ორმაგი კონტროლი, ციხის გარეთ ისინი შემოწმდებიან და მხოლოდ ყველანაირი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ იქნებიან დაშვებულები საპატიმროს ტერიტორიაზე, სადაც ისინი შესაბამისად აღიჭურვებიან," - თქვა წულუკიანმა. 

ასევე იზღუდება პატიმრების შეხვედრა ადვოკატებთან. წულუკიანის თქმით, ადვოკატები აქამდეც მკაცრად მოწმდებოდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ პატიმრებთან, თუკი ამის პროცედურული საჭიროება არსებობს. 

"თუკი ხელმოსაწერი არ არის რაიმე დოკუმენტი, შეხვედრა შედგება მხოლოდ მინის ბარიერის მეშვეობით, ხოლო თუ ხელმოსაწერია დოკუმენტი, როგორც ადვოკატი, ასევე პატიმარი არის აღჭურვილი შესაბამისად,"- ამბობს თეა წულუკიანი. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ე.წ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

30 მარტის 19:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 100 ადამიანს აქვს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები