კორონავირუსი

ანდრია ჯაღმაიძე: დღეს სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა

მთავარი არხი

"მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან" - ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია თითქმის ყველა ეკლესიაში გათვალისწინებულია და სრულდება.

"განგვიმარტეს, რომ მთავარია დისტანციის დაცვა. თქვენ ნახეთ დღეს, როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება და ძალიან ბევრ მასალას იხილავთ ამ დღეებში კიდევ. ჩვენ ვთხოვეთ ტაძრებს, რომ ყველგან, სადაც მსახურება ჩატარდა, ამ წესით ჩატარებულიყო მსახურება, რა რეკომენდაციებიც მიიღეს მათ და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა გადმოეგზავნათ. უკვე გვაჩვენეს, რომ სამზადისი არის ძალიან ინტენსიური. ტაძრები გახმოვანებულია და ხალხი გარეთაც ესწრება ღვთისმსახურებას. შიგნით დისტანცია არის დაცული" - ამბობს ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის შეფასებით, სამებაში მორწმუნე მრევლმა "სანიმუშო დისციპლინა" და "ძალიან დიდი ასუხისმგებლობა" გამოიჩინა.

"რთულია ახლა ამ ადამიანებს რაიმე საყვედური ვუთხრათ, რომ არ ითვალისწინებენ, ან უპასუხისმგებლოდ იქცევიან. პირიქით, ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ყველასთვის. ეს ხალხი აქედან წასული ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და სახლშიც ანალოგიურად გააგრძელებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას და ეს ძალიან კარგია" - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ. საქართველოში უკვე ერთი კვირაა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აიკრძალა ათ კაცზე მეტის შეკრება, თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო ღვთიმსახურებებს არ წყვეტს. უფრო მეტიც, ქვეყანა უკვე გადასულია კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე და არის შემთხვევები, როცა დაინფიცირების პირველ წყაროს ვერ ადგენენ, თუმცა, საკვირაო ღვთისმსახურებისას მრევლი ისევ ერთი კოვზით აზიარეს. წმიდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ზიარებისას ერთი კოვზით ინფექცია არ გადადის და ამიტომ, წესი არ შეცვალეს.

25 მარტს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებს, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ. ზოგიერთ ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები სტიკერებით უკვე მონიშნეს. 

კომენტარები