კორონავირუსი

ჭიაბერაშვილი: Covid-19-ის პროტოკოლი შესაცვლელია, ტესტები ყველა საეჭვო შემთხვევაზე უნდა ჩატარდეს

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის პროტოკოლი, რომელიც 14 დღის წინ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას და ინფიცირებულთან კონტაქტს ითვალისწინებს, რელევანტური აღარაა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია, ტესტი უტარდებოდეს ყველას, ვისი ინფიცირების ეჭვიც არსებობს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, საავადმყოფოებს სწრაფი ტესტები ჰქონდეთ. 

"სამწუხაროდ, როდესაც ლაპარაკია ახალი შესაძლო შემთხვევების განმარტებაზე, ერთერთ კრიტერიუმად კვლავ ჩადებულია მოგზაურობა 14 დღის წინ, ასევე კრიტერიუმია ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ინფიცირებულთან კონტაქტი. როდესაც ქვეყანაში გვაქვს შიდა გადაცემა, საეჭვო პაციენტების ასეთი კრიტერიუმებით შეფასება და კონსერვატორულად ტესტების ჩატარება პრაქტიკულად აზრს კარგავს და არარელევანტურია. ტესტები უნდა უტარდებოდეს ყველას, ვიზეც შეიძლება საავადმყოფოში შესვლისთანავე გაჩნდეს ეჭვი, ხომ არ არის Covid-19-ით ინფიცირებული," - თქვა ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მარნეულის საავადმყოფოში მედიკოსები სწორედ ამ პროტოკოლით ხელმძღვანელობდნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ კლინიკური მართვის პროტოკოლთან დაკავშირებით მას ათეულობით ექიმმა მიმართა, - "ისინი თავს გრძნობენ დაუცველად იმ პირობებში, როდესაც ეს პროტოკოლი უკვე არ შეესაბამება დღეს შექმნილ ვითარებას. ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი უნდა შეცვალოს, ასეთი არის ექიმების მოთხოვნა, მაგრამ შეცვლაც კავშირშია სწრაფი ტესტებით საავადმყოფოების აღჭურვასთან".

ჭიაბერაშვილის თქმით, რისკჯგუფის წარმომადგენლებზე მასობრივი ტესტირება ვერ ჩატარდება, თუ ყველა საავადმყოფო აღჭურვილი არ იქნება სწრაფი ტესტებით, - "ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმის საჭიროებას, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში უნდა იყოს და ამავდროულად, განმარტება გაკეთდეს რა ტიპის სწრაფი ტესტები ჩამოდის ქვეყანაში, რომელი კომპანიის და განსაზღვრული იყოს ზუსტი ვადები როდის იქნება ისინი ქვეყანაში."

ჭიაბერაშვილი ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საეჭვო ხარისხის გამო, ერთერთი კომპანიიდან გამოგზავნილი ტესტები უკან გაიწვიეს, - "ჩვენ, სამწუხაროდ, სამი კვირაა ვკამათობთ და ვდაობთ იმის გამო, რომ საჭიროა თუ არა სწრაფი ტესტები მაშინ, როდესაც გერმანია, სამხრეთ კორეის, ისრაელის, შვედეთის მაგალითები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი საუკეთესო გამოსავალი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის და ამისკენ მოგვიწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია".

დღეს, 27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს.

რაც შეეხება ტესტებს, რომლებიც მარნეულში იქნა გამოყენებული, ტიკარაძის თქმით, ისინი PCR ტექნოლოგიაზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც სხვა კომპანიის მიერ არის დამზადებული.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის მიერ დამზადებული ტესტები ესპანეთში გამოიყენეს. დასავლური მედიის ნაწილში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტესტების სანდოობა მხოლოდ 30%-ია, რის გამოც ესპანეთმა პრუდქცია უკან დააბრუნა.

23 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთიდან სწრაფი ტესტები საქართველოში 4 ეტაპად გადმოიგზავნებოდა. მათი მიღება აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ცალი, რომელიც საქართველოს საჩუქრის სახით გადმოეცა, 25 მარტს შემოვიდა.

კომენტარები