კორონავირუსი

მეუფე ზენონი: ქრისტიანებს გვმართებს, დავემორჩილოთ მათ, ვინც სიცოცხლის გადასარჩენად ზრუნავენ

სიყვარულისა და სიმტკიცის დიდი მოძღვარი, მოციქული პავლე ამბობს: „სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეძლოთ ატანა“
(1კორ. 10,13).

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულ კორონავირუსს (COVID-19), 21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, მსგავსად აქ წარმოდგენილი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიებისა, დროებით შეჩერებულია საჯარო ღმრთისმსახურებები. დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქრისტიანებს გვმართებს დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებეს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, პასუხისმგებლობითა და გულისყურით მოვეკიდეთ ყველა საჭირო რეკომენდაციას. ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დარჩით სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის სწრაფად გავრცელების საფრთხე. ყოველი თქვენი ქმედება სიყვარულით უნდა იყოს ნასაზრდოები, ამიტომ კვლავ მოყვასის სიყვარულისთვის ზედმიწევნითი სიფრთხილით დაიცავით ყველა სავალდებულო წესი, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები ითხოვენ. ერთის მხრივ, ერთმანეთისგან დისტანცირება და იზოლაცია არც ისე იოლია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა გონისმიერი ლოცვით გავერთიანდეთ ქრისტეში. გონისმიერი ლოცვითი ერთობა კი მიიღწევა მხოლოდ ურთიერთსიყვარულით. დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება. იქონიეთ სასოება უფალ იესო ქრისტეში და შეავედრეთ მას სამყაროს ხსნა სახლიდან ლოცვით, რომელიც წმ. სინოდმა და ათონელმა მამებმა შემოგვთავაზეს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეიწყალე შენი სამყარი“.

ამ განსაცდელის ჟამს, მშობელი ქვეყნიდან ფიზიკური სიშორით მყოფთ, ჩემს ფიქრებში გიახლოვდებით. რაც უფრო დიდია მანძილი დღეს თქვენსა და ჩემს შორის, მით უფრო ძლიერ მკრავს სიყვარულის ძაფები და მწვრთნის ქრისტესმიერ თქვენს სიყვარულში.

წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

კომენტარები