კორონავირუსი

ცერცვაძე მარნეულის შემთხვევაზე: 100 კონტაქტი უკვე დადგენილია და შეიძლება კიდევ უფრო მეტია

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძეს თქმით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შემთხვევა მეოთხეული გადაცემაა და ეს შიდა გავრცელებას გულისხმობს.

ცერცვაძეს თქმით, მარნეულელი ქალის კონტაქტების სია 100 პირს უკვე გადაცდა და არ არის გამორიცხული, კიდევ გაიზარდოს.

"სამწუხაროდ, ეს არის პირველი შემთხვევა ე.წ. მეოთხეული გადაცემის, ანუ შიდა გადაცემის, როდესაც ეს ქალბატონი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა  მას გადადებოდა ინფექცია.  კონტაქტებში უბრალოდ გულისხმობენ ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში ამ ქალბატონს ჰქონდა შეხება და ასეთი რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრია. 100 კონტაქტი უკვე დადგენილია და შეიძლება კიდევ უფრო მეტია ეს კონტაქტები. რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე ადამიანის ტესტირება უკვე გაკეთდა, მე ამ ტესტირების შედეგები ჯერ არ მაქვს, “ - თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

რაც შეეხება მარნეულში დაინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თენგის ცერცვაძეს თქმით, მას თანმხლები დაავადებებიც აქვს და მისი მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა. 

"ამ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, იმიტომ რომ ამ  პაციენტს მანამდე, სანამ დაინფიცირდებოდა, ორჯერ ჰქონდა გადატანილი ინსულტი. გარდა ამისა, გადატანილი აქვს შუნტირების ოპერაცია გულის იშემიური დაავადების გამო. უდგას სტენტები. ასეთ პაციენტს რომ კიდევ კორონავირუსით ინფექცია დაემატება, როგორ იქნება. თან, ის სამი დღე იყო სიცხიანი. მან არ იცოდა რომ კონტაქტი ჰქონდა და ამიტომ, სამი დღე ის მკურნალობდა, როგორც ჩვეულებრივი ორმხრივი პნევმონია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. ამჟამად, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია, არის მართვით სუნთქვაზე და პროგნოზი სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები