საგანგებო მდგომარეობა

კობერიძე საგანგებო მდგომარეობაზე: ბევრ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა ეს თვე, იწვევს კითხვებს

ტაბულა

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავენ, თქვა:

"საგანგებოს გამოცხადება, მე რამდენადაც ვიცი, არ ხდება კონკრეტული ვადით. ახლა, მაინცდამაინც რაღაც ვადა იყო დაფიქსირებული. საგანგებოს გამოცხადება არ ხდება კონკრეტული ვადით, ამის უფლებამოსილება არ აქვს არავის. საგანგებო მდგომარეობა უბრალოდ ცხადდება და როცა საჭირო ხდება, უქმდება. ახლა, პრემიერმის გამოსვლაში იყო აღნიშნული, რომ ერთი თვით ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. ბევრ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა ეს ერთი თვე. იწვევს ძალიან ბევრ კითხვებს. თუ შეიძლება, რომ განმარტონ, მაშინ, როდესაც ამის არც ვალდებულება არსებობდა და არც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ რაღაც ვადით გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რა იყო ეს, შეცდომა? რაღაც მიზანმიმართული ნაბიჯია, თუ რას უკავშირდება?"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პასუხად თქვა, რომ ვადის განსაზღვრა კონსტიტუციას და კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება და ყველა წინა შემთხვევაში პრაქტიკა იყო, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ვადით აცხადებდა. თალაკვაძის თქმით საგანგებო მდგომარეობის ვადით გამოცხადების ლოგიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა მოქალაქის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლისთვის ყოფილიყო პროგნოზირებადი რამდენ ხანში და რა ღონისძიებებს განახორციელებდა ხელისუფლება.

"ჩემი სუბიექტური აზრით, ამ შემთხვევაში ვადის მითითება ყველასთვის არის უფრო მშვიდი სცენარი." თქვა მან.

21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერაა საჭირო. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 10 ადამიანზე მეტის შეკრებასკრძალავს, შეეხება ყველასა და ყველაფერს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა, ევროპული საქართველოს ლიდერების თქმით, საჭიროა დოკუმენტში გნოვრული ვადა იყოს გაწერილი.

კომენტარები