საგანგებო მდგომარეობა

ლომჯარია: იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც

სახალხო დამცველი

"კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც" - ასე ეხმაურება ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, კორონავირუსის გამო საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

ნინო ლომჯარია წერს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, ყველასთვის სავალდებულოა და ამ წესების დარღვევა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

"სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის", - წერს ლომჯარია. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს". 

გუშინ, 20 მარტს, სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდმა არც ღვთისმსახურებები შეაჩერა და არც ზიარების წესი არ შეცვალა.

კომენტარები