ნავთობის ბაზარი

2002 წლის შემდეგ პირველად, რუსული ნავთობის ფასი 19 დოლარამდე დაეცა

Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 19 დოლარამდე დაეცა. ასეთი იაფი რუსული წარმოების ნავთობი ბოლოს 2002 წელს ღირდა. ინფორამაციას ამის შესახებ Argus Media ავრცელებს.

Urals-ის ნავთობი რუსეთის მიერ საექსპორტოდ წარმოებული ყველაზე გავრცელებული მარკის ნავთობია. 18 მარტის მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში რუსული ნავთობის ფასი 18,6 დოლარამდე დაეცა, ეს 2002 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ნავთობზე ფასის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთსა და OPEC-ს შორის ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. საუდის არაბეთმა ასევე გამოაცხადა უპრეცედენტო ფასდაკლებები მის მიერ წარმოებულ ყველაზე გავრცელებულ Arab light-ის მარკის ნავთობზე. 

ამგვარად, ფასდაკლებების სისტემის შემოღება მოუწია რუსეთსაც. ამ დროისთვის საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეულ - Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით რუსული ნავთობი დაახლოებით 5 დოლარით ნაკლები ღირს. არაბული ნავთობის სხვაობა სტანდარტთან კი, თითქმის 8 დოლარს შეადგენს. 

ნავთობზე ფასების მკვეთრ ვარდნას გამოეხმაურა რუსეთის ერთერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანიის, Lukoil-ის თანამფლობელი, ლეონიდ ფედუნი. მისი თქმით, მიმდინარე ფასები კატასტროფულია. 

უკვე ცნობილია, რომ ნავთობზე შემცირებული ფასების ფონზე თითქმის 1%-იან დეფიციტში გავა რუსეთის ბიუჯეტი. ამის პარალელურად რუბლის გასამყარებლად სავალუტო რეზერვების გაყიდვა დაიწყო რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც. 

მიუხედავად ამისა, გრძელდება რუბლის გაუფასურებაც, მიმდინარე მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 81 რუბლს აღემატება, რაც 2016 წლის შემდეგ გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაიგეთ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკაში ყოველდღიური მიმოხილვიდან. 

კომენტარები