კორონავირუსი იტალიაში

იტალიურმა სტარტაპმა 3D პრინტერით ფილტვების ვენტილაციის დეფიციტური სარქველები დაბეჭდა

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს რაიონის საავადმყოფოებს ფილტვების ვენტილაციის აპარატების საკვანძო ნაწილის - სარქველების დეფიციტი შეექმნა, იტალიურმა სტარტაპმა Isinova-მ დეფიციტური ნაწილები 3D პრინტერის საშუალებით, რამდენიმე საათში დაბეჭდა. 

საუბარია ბერგამოსა და ბრეშიას შორის მდებარე კიარის დასახლებაზე, რომლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში Covid-19-ით ინფიცირებული 250 ადამიანი მკურნალობს. ლომბარდიის პროვინციაში ყველაზე მძიმე ვითარება ინფიცირებულების რაოდენობით სწორედ ამ რეგიონშია. 

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ საავადმყოფოებს ჟანგბადის სარქველების დეფიციტი შეექმნათ, სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით ამუშავებენ ფილტვების ვენტილაციის აპარატს, რომელიც მკურნალობის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თითო სარქველი მხოლოდ 8 -საათიან მუშაობაზეა გათვლილი და ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდის ფონზე მათი რაოდენობა შეზღუდულია. 

ჟანგბადის სარქველების უკმარისობის შესახებ პირველად ადგილობრივმა გამოცემა Giornale di Brescia-მ შეიტყო. თავის მხრივ გამომცემლობის ჟურნალისტი დახმარების სათხოვნელად ადგილობრივ ბიზნესმენებს დაუკავშირდა. 

"ჩვენ გვითხრეს, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადის სარქველები ჭირდება და მზარდი მოთხოვნის გამო საკმარისი რაოდენობით მიწოდება ვერ ხერხდებოდა, გვითხრეს, რომ ახალ სარქველებს ვერ შოულობდნენ", — ამბობს Reuter-თან საუბარში სტრატაპის მფლობელი კრისტიან ფრაკასი.

მიღებული ზარიდან რამდენიმე წუთში ფრაკასი კიდევ ერთ სტარტაპერთან ერთად ერთერთ ადგილობრივ საავადმყოფოში სარქველის მოდელის წამოსაღებად მივიდა. აქედან ოთხ საათში კი, 3D პრინტერით დამზადებული პირველი სარქველი მედიკოსებს მიაწოდეს.

"ჩვენს მიერ დამზადებული სარქველი ერთერთ პაციენტზე გამოცადეს. ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს, ამის შემდეგ დავბრუნდით ოფისში და ჟანგბადი სარქველების ახალი პარტიის ბეჭდვა დავიწყეთ", — ამბობს ფრაკასი. 

როგორც ცნობილია, ერთი სარქველის დამზადებას ერთი საათი ჭირდება. დეფიციტური სარქველების ბეჭდვა დაიწყო კიდევ ერთმა ადგილობრივმა სტარტაპმა და 24 საათის განმავლობაში 100 ახალი სარქველი დაამზადა. 

ამასთანავე, ახალი სარქველის ღირებულება ორიგინალურ ნაწილთან შედარებით ბევრად ნაკლებია და 1 ევროს შეადგენს. ცნობების გავრცელების პარალელურად ფრაკისის კიდევ რამდენიმე საავადმოფო იმავე თხოვნით დაუკავშირდა. 

ამ დროისთვის Issinova და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი კომპანია რეგიონის საავადმყოფოებს სარქველებით უფასოდ ამარაგებს. იტალიაში ჩინეთის შემდეგ ახალი ვირუსით ყველაზე მეტი, 31 506 ადამიანი დაავადდა, დაიღუპა 2 503. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა საშუალო ასაკი 63 წელია.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს სხვა დაავადებაც ჰქონდა, ხოლო გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79 წელია.

კომენტარები