კორონავირუსი

ხუნდაძე: მოსახლეობას ვთხოვ, ხელი შეგვიწყოს, არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის შემოღება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საზოგადოებას მოუწოდებს, ხელისუფლებას ვირუსთან ბრძოლაში ხელი შეუწყოს, რადგან მისი თქმით, თუ საგანგებო ვითარების საჭიროება დადგება, ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება. 

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. 

„შევდივართ კიდევ უფრო საყურადღებო ფაზაში, როცა დაუდგენელი გავრცელების ანუ დაუმისამართებელი გავრცელების შემთხვევები გვექნება. ამის კონტროლი უფრო რთულია და მნიშვნელოვანია, აქ სოციალური სიმჭიდროვის გაშლა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის დეფიციტი ისევ დავინახეთ, მოგვიწევს, კიდევ უფრო მკაცრი ზომების განხორციელება. საგანაგებო ვითარების საჭიროება თუ დადგა, შესაძლოა, მისი გაგრძელების ვადა დაახლოებით იყოს 1 თვე, ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი, ამიტომ, მოსახლეობასაც ვთხოვ, ხელი შეგვიწყოს, რომ არ დაგვჭირდეს გრძელვადიან პერიოდში საგანგებო მდგომარეობის შემოღება,“- თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, მასში მინისტრთა კაბინეტთან ერთად, თბილისის მერი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან. 

კომენტარები