ნავთობის ბაზარი

პირველად 2016 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოცდა

Reuters

ლონდონის ბირჟის მონაცემებით, 16 მარტის სავაჭრო დღის მიმდინარეობისას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 30-დოლარიან ნიშნულს ორჯერ ჩამოცდა. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 29 დოლარს შეადგენს, თუმცა ფიუჩერსები გაუფასურებას განაგრძობს. ასე იაფი ნავთობი ბოლოს 2016 წლის თებერვალში ღირდა. 

ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად უფასურდება რუსული რუბლი. ამ დროისთვის, ერთი დოლარის ღირებულება 75 რუბლს აღემატება, ხოლო ერთი ევროსი - 84 რუბლს. ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა 9 მარტიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ OPEC-ისა და რუსეთის ალიანსი ჩაიშალა. 

6 მარტს, ვენაში გამართული ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა სხდომაზე რუსეთსა და საუდის არაბეთის შორის შემდგომი მოპოვების შემცირების თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შედეგად ჩაიშალა ძველი მოლაპარაკებაც, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ქვეყნები დღე-ღამეში ნავთობის მოპოვებას 1,5 მილიონი ბარელით ამცირებდნენ. 

ძველი შეთანხმების მოქმედების ვადა პირველ აპრილს იწურება, რის შემდეგაც ქვეყნები მოპოვების ზრდას დაიწყებენ. უკვე ცნობილია, რომ საუდის არაბეთი მოპოვებას ისტორიულ მაქსიმუმამდე - დღეში 12 მილიონ ბარელამდე აიყვანს. 

მოპოვების ტემპების ზრდას გეგმავს რუსეთიც. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსულ კომპანიებს შეუძლიათ, მოპოვება დღეში 300 ათასი ბარელით გაზარდონ.

კომენტარები