კორონავირუსი და ეკონომიკა

ცომაია: როგორც წესი, ხარჯების გაზრდა სრულდება გადასახადების გაზრდით

აკაკი ცომაია
Facebook/ თავისუფალი ბაზარი

ეკონომისტი აკაკი ცომაია ტაბულასთან საუბრობს მთავრობის გეგმაზე, გაიზარდოს სახელმწიფო ხარჯები კორონავირუსის გავრცელებით ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად.

ცომაიას თქმით, ხარჯების გაზრდა იმას ნიშნავს, რომ მომავალში სახელმწიფოს მეტი ვალი დაეკისრება, რაც გადასახადების გაზრდამდე მიგვიყვანს:

"ხარჯების გაზრდა, ნიშნავს უფრო მეტის გადახდას მომავალში. ეს მომავალი დგება იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, უკვე აღარ არის სათავეში. ამდენად, პრობლემის წინაშე დგება უკვე ის ხელისუფლება და ის საზოგადოება, რომელსაც უწევს ამ ვალებთან გამკლავება.

მომავალში ეს სრულდება, როგორც წესი, გადასახადების ზრდით. თუმცა ხელისუფლება არის მოკლე ხედვის და არ უყურებს მომავალს," - ამბობს ეკონომისტი.

ამასთან, ცომაიას თქმით, გაზრდილი ხარჯები, ჩინოვნიკების არაკეთილსინდისიერების გამო, დიდი ალბათობით, სულაც არ მივა იმ ადამიანებამდე, ვინც კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იზარალებს:

"ვინაიდან ძალიან ბევრი ჩინოვნიკი არაკეთილსინდისიერია და არაკეთილსინდისიერად იქცევა, გაწეული დანახარჯების გარკვეული პროცენტი აკუმულირდება სხვადასხვა ადამიანების ხელში და იწვევს ამ ადამიანების გამდიდრებას. ეს ნიშნავს, რომ დანახარჯების გაზრდა იმთავითვე იქნება არაეფექტური - ძალიან ცოტა ნაწილი ამ ხარჯების გაზრდიდან მივა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება კრიზისის პერიოდში შესაბამისი თანხა."

კორონავირუსის მოსალოდნელი საფთხეებისგან ეკონომიკის დაცვაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 5 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა როგორც მონეტარული, ისევე ფისკალური სტიმულისთვის.

12 მარტს პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სტიმულირების გეგმის წარმოდგენა დაავალა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი თქვა, რომ გადაიხედება ბიუჯეტი და გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯები.

"ჩვენ გამოვალთ ძალიან მალე ბიუჯეტის კორეკტირებით და ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია."

ოპოზიცია მთავრობას გადასახადების შემცირებას სთავაზობს. ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეამცირონ საშემოსავლო, ქონებისა და აქციზის გადასახადები, გააუქმონ რეგულაციები და გაატარონ მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

კომენტარები