კორონავირუსი

ეზუგბაია: ხუთ პაციენტს აქვს პნევმონია, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, ოთხი მსუბუქადაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებიც თბილისში მკურნალობენ, ხუთ მათგანს პნევმონია აქვს. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს და მძიმედ იყო შეფასებული, დასტაბილურდა.

"მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ოთხი - მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ჯერჯერობით რჩება. პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეინიშნება", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, არ შეცვლილა - მას მინიმალური ჩივილები აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, N1 პაციენტს, რომელიც 14 დღეა, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, კორონავირუსზე ტესტირება გაუკეთდა. მისივე თქმით, ტესტმა სუსტი პახუხი აჩვენა, "ვირუსი ისაზღვრება, მაგრამ მცირე კონცენტრაციით". 

ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტი წევს. დღეს ანალიზი სამ პაციენტს უნდა აუღონ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა გამოვლენილი.  

გუშინ, 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები