კორონავირუსი

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

GETTY IMAGES

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მოუწოდებს მათ მაქსიმალურად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.

"კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში," - წერია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე მოუწოდებს საქართველოში ჩამოსულ მგაზვრებს, დაიცვან დადგენილი პროცედურები.

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო 21 თებერვლიდან მოყოლებული თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს მისცეს. 

კომენტარები