კორონავირუსი

Ryanair-მა იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა

ryanair.com

ავიაკომპანია Ryanair-მა იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება იტალიის მთავრობის გადაწყვეტილების გამო მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა მთლიანად კარანტინში მოექცა. შეზღუდვა ეხება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ და ევროკავშირის შიდა ფრენებს.

დაზარალებულ მგზავრებს ფრენაში გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდებათ ან მიიღებენ კრედიტს, რომლითაც ბილეთის ყიდვა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - 9 172 - იტალიაში დადასტურდა. აქედან 724 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 463 გარდაიცვალა. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა.

მსოფლიოში ამ ეტაპისთვის ინფიცირების 114 578 შემთხვევაა აღრიცხული. 64 041 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები