არჩევნები 2020

ჩუგოშვილი: იმედია, "ოცნება" ხვდება - არ გვაქვს ფუფუნება, პარტნიორებთან ურთიერთობა დავიმძიმოთ

თამარ ჩუგოშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამძიმების შესაძლო შედეგებს.

ჩუგოშვილმა თქვა, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ სწორედ ამის იმედი გაუჩინა.

"პროპორციულის ჩაგდებამ გახლიჩა პარტია და ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი ჩამოაშორა და დააკარგვინა მმართველ პარტიას, მათ შორის ჩვენც, ის ადამიანებიც, რომლებიც პასუხისმგებლები ვიყავით უცხოელებთან, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე. პროპორციულის ჩაგდების და გაყოფის გაგრძელება იყო უმძიმესი ფონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მიმართულებით. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაიმძიმოს პარტნიორებთან ურთიერთობა, იმედია, ეს ხელისუფლებამ იცის. გუშინდელი გადაწყვეტილებიდან იმედი გამიჩნდა, რომ აცნობიერებს, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს იმას, რომ თუ თავის საზოგადოებას არ უსმენს, როგორც მინიმუმ, დანარჩენ მსოფლიოს უნდა მოუსმინოს და როცა მთელი მსოფლიო და საზოგადოება ერთ აზრზეა, მარტო აღმოჩენა ამხელა ძალის წინააღმდეგ ძალიან უგუნური ქმედება იქნებოდა. მე მგონი, ეს გააზრებული იქნა გუშინ", - თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

თამარ ჩუგოშვილმა მმართველი გუნდი 14 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის პროპორციული არჩევნებით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. მაშინ მან თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვეღარ აუხსნიდა.

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები