არჩევნები 2020

ბერაია შეთანხმებულ საარჩევნო სისტემაზე: სამივე მოსმენაზე მხარს დავუჭერ

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, დაჩი ბერაია ამბობს, რომ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ხელისუფლებას და ოპოზიცია შეთანხმდა, მხარს დაუჭერს. ბერაია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ჩააგდო. დეპუტატის თქმით, ის რისკები, რის გამოც მისთვის პროპორციული სისტემა მიუღებელი იყო, მოხსნილია.

"მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს სამივე მოსმენაზე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზეც. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული - რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40- 42- 43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს.

ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა ერთად დაიწყონ მთავრობის დაკომპლექტება, ამ მოცემულობით ამის ნაკლები შანსია, ვიდრე სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა,“ - თქვა დაჩი ბერაიამ.

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები