აშშ-ის საელჩო საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებას აქვეყნებს. ფასილიტატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
"ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
----
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც.
შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. 2020 წელს არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 1% იქნება.
ჩამკეტი მექანიზმი განსაზღვრავს იმას, რომ ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. კანონმდებლობაში იქნება სხვა მექანიზმები, რომლებიც მიღებული ხმების მიხედვით მანდატების უფრო პროპორციულ განაწილებას შეუწყობს ხელს.
30 საარჩევნო ოლქი თანხმობაში იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებასთან, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, ოლქის ამომრჩევლის რაოდენობის საშუალო ზომიდან გადახრა 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლოა იყოს სამამდე გამონაკლისი, სხვადასხვა გეოგრაფიული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის.
ხელისუფლება ვალდებულებას იღებს გაათავისუფლოს პირები, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და შეწყვიტოს საქმეები, რომელიც პოლიტიკურ დევნად არის განხილული.
ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ოპოზიციამ ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყვიტა. მას შემდეგ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიცია 8 მარტის შეხვედრაზე უცვლელი მოთხოვნებით შევიდა: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება.
11 თებერვლიდან მისაღებ მოდელზე საუბრისას ოპოზიცია 40%-იან პრინციპს ასახელებდა. ამ პრინციპის მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების აცხადებდნენ, რომ ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.
თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობდა, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.
ამ პრინციპს, ხელისუფლების აზრით, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 100/50 ან 110/40-ანი გადანაწილება აკმაყოფილებდა. ოპოზიციისთვის ორივე ეს ვარიანტი მიუღებელი იყო, რადგან, მათი თქმით, ეს არ აკმაყოფილებდა 40%-იან პრინციპს, განსხვავებით მათ მიერ მოთხოვნილი 130/20-ზე პროპორციისა.
საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის - მძაფრი განცხადებებისა და კრიტიკული წერილების, ასევე კონსენსუსის მიღწევისკენ მოწოდებების ფონზე, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები შეარბილეს. 6 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია და პრინციპული არ არის 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს. იმავე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას, 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები.





