"პოლიტიკური მოლაპარაკებები დღეს დასრულდა ფართო კონსენსუსით" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ თქვა.
"ჩვენ შევთანხმდით ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს. დღევანდელი შეთანხმება არის იმის მყარი საფუძველი, რომ საქართველო ჩაატარებს კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველო აგრძელებს თავის დემოკრატიულ გაძლიერებას" - თქვა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ "ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ".
"ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლებ, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება, ასევე ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე" - ამბობს თალაკვაძე და მადლობას უხდის აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და "მთელ დიპლომატიურ კორპუსს".
მანვე აღნიშნა, რომ 2024 წლამდე თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ეს 2020 წლისთვის შემუშავებული მოდელით მოხდება.
ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის ვითარების განსამუხტად და შედარებით ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, შეთანხმება არის მიღწეული".
"ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი, ცალკე დოკუმენტად შედგა ამაზე შეთანხმება, ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე - პოლიტიკური პატიმრების საკითხი. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს", - ამბობს ბოკერია.
მისივე თქმით, "ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს".
----
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც.
ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ოპოზიციამ ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყვიტა. მას შემდეგ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიცია 8 მარტის შეხვედრაზე უცვლელი მოთხოვნებით შევიდა: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება.
11 თებერვლიდან მისაღებ მოდელზე საუბრისას ოპოზიცია 40%-იან პრინციპს ასახელებდა. ამ პრინციპის მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების აცხადებდნენ, რომ ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.
თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობდა, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.
ამ პრინციპს, ხელისუფლების აზრით, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 100/50 ან 110/40-ანი გადანაწილება აკმაყოფილებდა. ოპოზიციისთვის ორივე ეს ვარიანტი მიუღებელი იყო, რადგან, მათი თქმით, ეს არ აკმაყოფილებდა 40%-იან პრინციპს, განსხვავებით მათ მიერ მოთხოვნილი 130/20-ზე პროპორციისა.
საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის - მძაფრი განცხადებებისა და კრიტიკული წერილების, ასევე კონსენსუსის მიღწევისკენ მოწოდებების ფონზე, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები შეარბილეს. 6 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია და პრინციპული არ არის 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს. იმავე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას, 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები.





