კორონავირუსი

ჭიაბერაშვილი კორონავირუსზე: შშმ პირებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ

IPN

ევროპული საქართველოს დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სისტემის მიერ მძიმე შემთხვევა ეფექტურ მართვას. საკვანძო კი ჰოსპიტალური სექტორის მზაობა იქნება.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სპეციალური ზრუნვის ობიექტი უნდა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ამასთან დაკავშირებით დეპუტატი შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს: 

  • 16 მარტამდე შეჩერებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ ქვე-პროგრამები, და მუნიციპალიტეტების „სოციალური და ჯანდაცვის აუტიზმის პროგრამები“, სადაც პროგრამებში ჩართული ბავშვები შესაბამის სერვისს იღებენ. კორონავირუსთან დაკვშირებული საფრთხე შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს, ამ სერვისებს კი უსასრულოდ ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, საჭიროა ჯანდაცვის სამინიტრომ ამგვარ პროგრამებთან მიმართებაში სპეციალური გეგმა და რეკომენდაციები შეიმუშაოს და, რაც მთავარია, დამატებითი დაფინანსება გამოყოს, რომ ცენტრებმა რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ ცენტრებს ჩაუტარებს, მშობლებიც დაესწრონ, რაც გასატარებელი ღონისძიებებისადმი მათ ნდობას აამაღლებს.
     
  • სპეციალური ყურადღება სჭირდებათ იმ მცირე საოჯახო სახლებს/დაწესებულებებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, მოხუცები ცხოვრობენ. მათაც სჭირდებათ სპეციალური რეკომენდაციები და მათაც სჭირდებათ დამატებითი სახსრები. სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშებში ისედაც მუდმივადაა ყურადღება გამახვილებეული ასეთ საცხოვრისებში ჰიგიენური პირობების დარღვევებზე, რისი აღმოფხვრაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჭიროა დროული  მითითებები და რეკომენდაციები სათემო, საოჯახო თუ დახურულ ინსტუტუციებისთვის, სადაც ქრონიკული მდგომარეობების ადამიანები ცხოვრობენ.
     
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი სათემოა, როდესაც მობილური ჯგუფი კარდაკარ დადის და ბინაზე აწვდის მომსახურებას. აქ რას ვაკეთებთ? ვაჩერებთ ამ სერვისებს თუ მობილურ ჯგუფებს სპეციალური ეკიპირებით და ინსტრუქციით აღვჭურვავთ?
     
  • უნდა ვიფიქროთ იმაზე, არის თუ არა მზაობა ჰოსპიტალურ სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ,

- რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს ქცევითი აშლილობების მქონე პირს. ხდება თუ არა ოჯახის წევრების მათთან განთავსება?

- რა ხდება, თუ ჰოსპიტალიზაცია უწევს მშობელს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ყავს და იგი ბავშვის ერთადერთი მომვლელია? როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვზე?

  • ყურადსაღებია ისიც, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას (მათი რიცხვი დღეს უკვე დიდია) ანაზღაურება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული სეანსების/საათების) შესაბამისად ეძლევათ და მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა ან ადამიანების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფადაც.

ჭიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ საფიქრალია დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაზეც: “ლუგარის ლაბორატორიისადმი ჩვენი სრული ნდობისა და ამ ლაბორატორიის განსაკუთრებული სიმძლავრეების მიუხედავად, სხვა ცენტრებს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიკაცია არსებობს, ჯანადაცვის სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას ბიუროკრატიული წინაღობა, რომ შესაბამისი რეაქტივები ჩამოიტანონ და ტესტები ატარონ. ასეთმა ლაბორატორიებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია ღიად და გამჭვირვალედ, ონლაინ რეჟიმში უნდა მიაწოდონ”.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

კომენტარები