კორონავირუსი

გამყრელიძე: 12 შემთხვევიდან 10 უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, 2 - ირანს

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, აქედან 10 შემთხვევა იტალიასთან "პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს" უკავშირდება, ხოლო 2 - ირანს. 

"ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი, დღეს უკვე შემთხვევების რადენობა დადასტურებულია 97 ქვეყანაში, ამიტომ, ეს [კორონავირუსით ინფიცირების ფაქტების ზრდა] არ უნდა იყოს მოულოდნელი, ყველა ჩვენს ბრიფინგზე ვამბობთ, რომ გვექნება შემთხვევების მატება, მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების რიცხვი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება.

რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი, გამოივიკვლიოთ ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად, აქტიურად ვეძებოთ კონტაქტები და მოვახდინოთ მათი იზოლირება ან თუ საჭიროა, მათი სწრაფი კვლევა. ამაშია ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს" - თქვა გამყრელიძემ.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა - ის ირანიდან ჩამოსულ 50 წლის კაცს დაუდგინდა. მეორე ინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალია, ხოლო მესამე - ასევე ირანიდან დაბრუნებული კაცი. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

4-7 მარტს კი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა დადასტურდა - ექვსი მათგანი იტალიიდან კვირას, პირველ მარტს დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა, ხოლო სამი - მათთან კონტაქტში მყოფი პირი. კორონავირუსი დაუდგინდა ამირან გამყრელიძის შვილსაც, რომელიც იტალიაში მყოფ პირს, თავის თანამშრომელს ორ მარტს შეხვდა. 

კომენტარები