კორონავირუსი

კორონავირუსი ამირან გამყრელიძის შვილს დაუდგინდა, მისი კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მას ინფექცია იტალიაში მყოფი თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც თავის მხრივ, 5 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. იტალიიდან კვირას დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ ვირუსის გამოვლენამდე, NCDC-ის ინფორმაციით, გარეშე პირებთან კონტაქტი მოასწრო.

"იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებული რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით.

შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია (მხოლოდ ხუთშაბათს, 5/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე, რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

11:30-ზე, სავარაუდოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს ამირან გამყრელიძე.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 12 ადამიანს. აქედან ორი ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა, შვიდი - იტალიიდან. დანარჩენი სამი, წინასწარი ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოსულ პირთან კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან.

კომენტარები