კორონავირუსი

ცერცვაძე: 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 13 პაციენტის მასალა გადაგზავნილია

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, 5 პაციენტს, რომელთა სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს დილით გადააგზავნეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ კარანტინში გადაიყვანენ. 

ცერცვაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა მასალაც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და მას ვაკვირდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის ინფორმაციით, 9 პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობისაა. 

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან.

კომენტარები